понедельник, 22 декабря 2014 г.

გეოგრაფის ფიქრები ლიტერატურაზე

არა, მართლა უცნაური ხალხი ვართ ქართველები... ერთს ვაღმერთებთ, დიდების შარავანდედით ვმოსავთ, პედესტალზე მივუჩენთ ადგილს; მეორეს ვძირავთ და ვანადგურებთ.

რატომ? არ ვიცი... ციციკორეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ტალახის მსროლელებიც რომ არასოდეს გვაკლდა...

ინტერნეტ სივრცეში ერთი უცხოელის კომენტარი იყო "ნატვრის ხესთან" დაკავშირებით - რა, ტალახში ქვა იყოო?- ვერ გაიგო, ვერ ჩაწვდა. არც მიკვირს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსაკლავად ქვის სროლა აუცილებელი არ არის …

ნოდარ დუმბაძე მახსენდება, კეთილი, მუდამ მოღიმარი. ამიტომაც არის მისი ნაწარმოებები თბილი და სიყვარულით სავსე. სათქმელს ყოველთვის იუმორით ამბობდა. იუმორითვე პასუხობდა ხალხი. ამიტომაც აღმოაჩინა „მარადისობის კანონი".

„მარადისობის კანონის არსი ის გახლავთ, რომ… ადამიანის სული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ - ჩემი, მე - სხვისი, სხვამ - სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…"

იმ პერიოდში, კომუნისტური რეჟიმის დროს, გვესაუბრებოდა სულის უკვდავებაზე და მარადიულ სიცოცხლეზე.

ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება მიგყვება ადამიანს. ჩვენს ცხოვრებაში თუ არ იყო ეკლესია და სარწმუნოება, იყო ნოდარ დუმბაძე, გურამ რჩეულიშვილი, გოდერძი ჩოხელი თავისი „ადამიანთა სევდით"...
წავიდნენ...წავიდნენ და დავრჩით მათი სიკეთისა და იუმორის გარეშე...
რატომ გვავიწყდება, რატომ რჩება ეს ყველაფერი ბავშვობაში?
რა გვემართება უფროსებს? სად გადის ზღვარი ადამიანის სულიერებასა და რეალურ ყოფიერებას შორის?
კიდევ ერთი ავტორიტეტი გამახსენდა: აკაკი ბაქრაძე. მის საღამოს ლექციებზე გადაჭედილი იყო აუდიტორია (არადა, ოფიციალურად ინფორმაცია არ ვრცელდებოდა).მან ასწავლა ჩვენს თაობას, რომ ცნობიერებიდან უნდა გამომდინარეობდეს ყოფიერება და არა პირიქით, რომ ყოფიერებამ ძლიერი სულიერება ვერ უნდა ჩაკლას. სად წავიდა მის ლექციებზე გაზრდილი თაობა? მათი სულიერება? ეს ხომ ჩვენ ვართ? 
მოსწავლეებს გაკვეთილზე ბუნებრივ ზონებზე ვესაუბრებოდი. სტეპებზე რომ გადავედი, ეგ ვიცი, მასო, წამოიძახა ერთმა. 
- საიდან? - გავიკვირვე.
- გურამ რჩეულიშვილთანაც არის აღწერილი და ჰემინგუეისთანაცო, მიპასუხა და მე შემრცხვა. შემრცხვა, რადგან მე ჩემი საყვარელი მწერალი არ გამხსენებია. ყოველდღიურ ყოფიერებაში ჩაძირულს, ჩემმა მოსწავლემ გამახსენა. გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, აქამდე როგორ არ გამახსენდა. მით უმეტეს, რომ რჩეულიშვილი მუდამ მახსოვს. ის ხომ ჩემი უსაყვარლესი მწერალია. არა, ჰემინგუეიც მიყვარს, მაგრამ გურამ რჩეულიშვილი ხომ ჩემია. გავაგრძელეთ ლიტერატურაზე საუბარი. გავიხსენეთ რემარკიც და შტეფან ცვაიგიც.. ლიტერატურულ-გეოგრაფიული გაკვეთილი გამოგვივიდა.
არადა ინტეგრირებული გაკვეთილებისთვის თემებს ვეძებთ ხოლმე. 
ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოგიყვეთ. წლების წინ მოვისმინე, მამაოს ნაქადაგარი. 30-იანი წლების საქართველოში, გურიის ერთ პატარა სოფელში მომხდარა. ბოლშევიკებს ტაძრის ყველა ბინადარი ამოუხოცავთ. ცოცხალი მარტო ერთი უსინათლო მოხუცი დაუტოვებიათ - თავისით მოკვდება მარტოობაშიო. მთაზე ყოფილა მონასტერი და მისი სამრეკლოს ზარი მთელ სოფელს ესმოდა. გაგიჟდნენ თურმე მცხოვრებლები. ყოველ საათში რეკდა ტაძრის ზარი და ხალხს ღმერთის არსებობას ახსენებდა. ეს უსინათლო მოხუცი სამრეკლოზე ასვლას და მისი მოვალეობის შესრულებას ახერხებდა. არადა, მხცოვანი უსინათლოსთვის სიმაღლეზე ასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. 
ასულან ბოლშევიკები და საბრალო მოხუციც მოუკლავთ, მაგრამ სასწაული ამის შემდეგ დაიწყო: ყოველ საათში სამრეკლოს ზარის ხმა კვლავ ისმოდა. ალბათ ეს არის ადამიანის მისია - იპოვოს ადგილი და საქმე. ჩვენ? ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მისია? ჩვენ ხომ სიტყვიერად ვართ მართლმადიდებლობის დამცველები, თორემ ისე, საკუთარი თავის გარდა ყველას ვებრძვით. ვებრძვით ერთმანეთს, მამაოს, პატრიარქს... ყველას...
ჩვენ ხომ სიყვარულისთვის გავჩნდით, ჩვენ ხომ მარადისობის კანონი დაგვიტოვეს, ჩვენ ხომ სიცოცხლის გაწირვის მაგალითებიც ვიცით.
ცოტა ხნის წინ ერთმა სრულიად ახალგაზრდა პოეტმაც თავგანწირვის საოცარი მაგალითი გვიჩვენა. არ არის საკმარისი ჩვენი სულის გამოღვიძებისთვის? ნუთუ არ უნდა ჩაგვაფიქროს და არ უნდა გააღვიძოს ჩვენში კეთილშობილება და ერთმანეთის სიყვარული 21 წლის ბიჭის სიკვდილმა?
ხშირად ერთი მულტფილმის გმირი მახსენდება - მელია, რომელიც ცბიერი ღიმილით ეუბნება მამალს: - თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, სოფელი ვერ აშენდებაო. 
რატომღაც ხშირად ამ გმირს უფრო ვგავართ...
არავის განვიკითხავ ... მხოლოდ გეკითხებით: რატომ?

Комментариев нет:

Отправить комментарий