пятница, 22 апреля 2016 г.

სელფებისა და დახეული ჯინსების თაობა

სელფებისა და დახეული ჯინსების თაობა
არ ვიცი როგორ დავიწყო. ორი დღეა სტიქიამ და მწუხარებამ მოიცვა არა მარტო თბილისი არამედ მთელი საქართველო. ჩვენმა პატარა უწყინარმა მდინარემ წალეკა თბილისი. მატერიალურ ზარალს ადამიანთა მსხვერპლიც დაერთო. როგორც გეოგრაფს ბევრი სათქმელი მაქვს, ჩემს მოსწავლეებთან ერთად არაერთხელ განგვიხილავს თბილისის დაგეგმარების უარყოფითი მხარეები და საფრთხეები. ამაზე უკვე ალაპარაკდნენ მეცნიერები და იქნებ ეს კატასტროფა გახდეს მიზეზი რაციონალური (გონივრული) მიდგომისა.
ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი – ჯონ ოდობონი.











ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ... სიამაყითა და სიხარულით შევყურებ ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენს გოგო-ბიჭებს, რომლებმაც ძნელბედობის ჟამს უპრეცედენტო თავდადება და ერთგულება გამოიჩინეს.
მე 9 აპრილის თაობა ვარ. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლითაც ჩვენი მშობლების თაობა ამაყობდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა მიძინებული საზოგადოება. ხშირად გამიგონია: საზოგადოება მაშინ ჩამოყალიბდა; ასე ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული, ერთიანი შემდეგ აღარ ყოფილა ქართველი ერიო ...
მეც ბევრჯერ მქონია სურვილი ჩვენზე დამეწერა, ჩემს თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული თაობაა. ეს ის თაობაა, რომელიც შიშველი ხელებით უდიდეს მონსტრს შეებრძოლა. შემდეგ კი რატომღაც დაიქსაქსა და .... ჩემი თაობის სახეებს მოსწავლეებში ვეძებდი, ვპოულობდი და მიხაროდა. მიხაროდა და ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ ძალიანაც კარგი ახალგაზრდობა მოდის: უფრო ჭკვიანები და უფრო მიზანდასახულები, ცოტა პრაგმატულები და მეტად რეალისტები და მატერიალისტები. ჩვენგან განსხვავებით ესენი ჯინსების თაობა კი არა, დახეული ჯინსების თაობაა, სელფების თაობაა, „გაწეწილი“ გოგო-ბიჭების თაობაა, დემოკრატია და თავისუფლება ხანდახან თავხედობა რომ გონიათ. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები, ვერ ვისწავლეთ დათმობა და დიალოგი საკუთარ შვილებთან. არადა რამდენ საყვედურს ვამბობთ მშობლები და მასწავლებლები: როგორ დადიხარ? რა გაცვია? როდემდე უნდა იარო გაწეწილმა? პატრონი არ გყავს? შენგან კაცი არ გამოვა! რა არის ეს დახეული ჯინსები? (გამოგიტყდებით და ეს ოხერი დახეული ჯინსები მომწონს).
ლიტერატურა ყველას გვიყარს და გვახსოვს. აი, ბატონო გაიხსენეთ:
"ახალგაზრდობა ჩვენი იმედია, იაროს ახალგაზრდობამ ვიწრო და მოკლე კაბებში, ოღონდ იკითხოს წიგნი, უყვარდეს ერი, ქვეყანა, სამშობლო; ეკეთოთ საყურე გოგონებს, ეკეთოთ ბეჭდები, ოღონდ კარგი დედები იყვნენ და სწამდეთ სიკეთე და პატიოსნება. იჩხუბოს ბარამიძემ, ოღონდ იჩხუბოს საქმისთვის. და ის, თუ ვიღაცამ კაცი მოკლა და ვიღაცამ მაღაზია გაქურდა, არ არის ეროვნული ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია ის არის, რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო…" — „მზიანი ღამე“ -  ნოდარ დუმბაძე.
იარონ მოკლე კაბებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, როცა დასჭირდათ ჩექმებითა და ნიჩბებით გამოვიდნენ ჩვენი ფაქიზი და განებივრებული შვილები. ვუყურებ და ბედნიერი ვარ. არ ვყოფილვართ ცუდი მშობლები და მასწავლებლები. წყალში არ ყოფილა გადაყრილი ჩვენი შრომა (გვიყვარს ეს ფრაზები).
ის რაც ამ დღეებში ხდება მოლოდინს გადააჭარბა. მეთერთმეტე კლასელები “CAT”-ის გამოცდიდან გამოსულები ნიჩბებით ისევ სამუშაოდ გადიან. მეორე დღეს კვლავ გამოცდა აქვთ. პატარა ბიჭები კაცები გახდნენ.
შვილებმა გვაჯობესო - დიახ გვაჯობეს და მე დღეს ამაყი ვარ. ესენი ჩვენი მოსწავლეები არიან, მასწავლებლებო დღეს ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ ბედნიერები და ამაყნი, ესენი ხომ ჩვენი მოსწავლეები არიან. გიჟები, გადარეულები, მაგრამ მაინც ყველაზე საყვარლები. რამდენჯერ გვისაყვედურია, რამდენჯერ გავბრაზებულვართ, მაგრამ მაინც სკოლისკენ გვექაჩება უხილავი ძალა. ძალა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, რომელსაც სიყვარული ჰქვია, რომელსაც ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქვია.
ეს ჩვენი მომავალია. ახლა ყველამ დაინახა და აღიარა, რომ საუკეთესო თაობა მოდის. მათ ჩვენ გვაჯობეს. ტალახში ამოგანგლულებმა გამოსაფხიზლებლად თითქოს სილა შემოგვაწნესო. მათ არც ქულები არ აინტერესებთ და არც პიარი, დადიან ნიჩბებით და ასუფთავებენ საკუთარ ქალაქს, თბილისელია თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, რეგიონებიდანაც შემოუერთდნენ. რამდენი ყოფილან და როგორი ლამაზები, ტანადები, ძლიერები. ესენი ჩვენი შვილები არიან, ჩვენი მოსწავლეები არიან.
იქნებ თქვენი შემხედვარე უფროსები გონს მოვეგოთ და მოგბაძოთ. თქვენ, ხომ გვერდში დგომის ისეთი საოცარი მაგალითი გიჩვენეთ, როგორიც არ გვინახავს 9 აპრილის შემდეგ. ან იქნებ თქვენი გმირობის შემდეგ მოგვერიდოს ძველებურად ცხოვრება? დიახ თქვენ გმირები ხართ. თქვენ თქვენი პირველი ბრძოლა მოიგეთ, თქვენი დიდგორი მოიგეთ. სულ გამარჯვებულებს გევლოთ, ასეთები იყავით. ხშირად მითქვამს: თქვენ ხართ ის თაობა ვინც საქართველოს გაამთლიანებს თქო. ახლა ყველა დამერწმუნება ამაში. თქვენ მართლა დიდი ძალა გაქვთ და შეძლებთ ქვეყნის გაერთიანებასაც და გაძლერებასაც. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ. თქვენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ხართ. მე თქვენ უსაზღვროდ და უპირობოდ მიყვარხართ. 
ბავშვებო, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მე თქვენი მასწავლებელი მქვია.


понедельник, 22 декабря 2014 г.

გეოგრაფის ფიქრები ლიტერატურაზე

არა, მართლა უცნაური ხალხი ვართ ქართველები... ერთს ვაღმერთებთ, დიდების შარავანდედით ვმოსავთ, პედესტალზე მივუჩენთ ადგილს; მეორეს ვძირავთ და ვანადგურებთ.

რატომ? არ ვიცი... ციციკორეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ტალახის მსროლელებიც რომ არასოდეს გვაკლდა...

ინტერნეტ სივრცეში ერთი უცხოელის კომენტარი იყო "ნატვრის ხესთან" დაკავშირებით - რა, ტალახში ქვა იყოო?- ვერ გაიგო, ვერ ჩაწვდა. არც მიკვირს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსაკლავად ქვის სროლა აუცილებელი არ არის …

ნოდარ დუმბაძე მახსენდება, კეთილი, მუდამ მოღიმარი. ამიტომაც არის მისი ნაწარმოებები თბილი და სიყვარულით სავსე. სათქმელს ყოველთვის იუმორით ამბობდა. იუმორითვე პასუხობდა ხალხი. ამიტომაც აღმოაჩინა „მარადისობის კანონი".

„მარადისობის კანონის არსი ის გახლავთ, რომ… ადამიანის სული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ - ჩემი, მე - სხვისი, სხვამ - სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…"

იმ პერიოდში, კომუნისტური რეჟიმის დროს, გვესაუბრებოდა სულის უკვდავებაზე და მარადიულ სიცოცხლეზე.

ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება მიგყვება ადამიანს. ჩვენს ცხოვრებაში თუ არ იყო ეკლესია და სარწმუნოება, იყო ნოდარ დუმბაძე, გურამ რჩეულიშვილი, გოდერძი ჩოხელი თავისი „ადამიანთა სევდით"...
წავიდნენ...წავიდნენ და დავრჩით მათი სიკეთისა და იუმორის გარეშე...
რატომ გვავიწყდება, რატომ რჩება ეს ყველაფერი ბავშვობაში?
რა გვემართება უფროსებს? სად გადის ზღვარი ადამიანის სულიერებასა და რეალურ ყოფიერებას შორის?
კიდევ ერთი ავტორიტეტი გამახსენდა: აკაკი ბაქრაძე. მის საღამოს ლექციებზე გადაჭედილი იყო აუდიტორია (არადა, ოფიციალურად ინფორმაცია არ ვრცელდებოდა).მან ასწავლა ჩვენს თაობას, რომ ცნობიერებიდან უნდა გამომდინარეობდეს ყოფიერება და არა პირიქით, რომ ყოფიერებამ ძლიერი სულიერება ვერ უნდა ჩაკლას. სად წავიდა მის ლექციებზე გაზრდილი თაობა? მათი სულიერება? ეს ხომ ჩვენ ვართ? 
მოსწავლეებს გაკვეთილზე ბუნებრივ ზონებზე ვესაუბრებოდი. სტეპებზე რომ გადავედი, ეგ ვიცი, მასო, წამოიძახა ერთმა. 
- საიდან? - გავიკვირვე.
- გურამ რჩეულიშვილთანაც არის აღწერილი და ჰემინგუეისთანაცო, მიპასუხა და მე შემრცხვა. შემრცხვა, რადგან მე ჩემი საყვარელი მწერალი არ გამხსენებია. ყოველდღიურ ყოფიერებაში ჩაძირულს, ჩემმა მოსწავლემ გამახსენა. გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, აქამდე როგორ არ გამახსენდა. მით უმეტეს, რომ რჩეულიშვილი მუდამ მახსოვს. ის ხომ ჩემი უსაყვარლესი მწერალია. არა, ჰემინგუეიც მიყვარს, მაგრამ გურამ რჩეულიშვილი ხომ ჩემია. გავაგრძელეთ ლიტერატურაზე საუბარი. გავიხსენეთ რემარკიც და შტეფან ცვაიგიც.. ლიტერატურულ-გეოგრაფიული გაკვეთილი გამოგვივიდა.
არადა ინტეგრირებული გაკვეთილებისთვის თემებს ვეძებთ ხოლმე. 
ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოგიყვეთ. წლების წინ მოვისმინე, მამაოს ნაქადაგარი. 30-იანი წლების საქართველოში, გურიის ერთ პატარა სოფელში მომხდარა. ბოლშევიკებს ტაძრის ყველა ბინადარი ამოუხოცავთ. ცოცხალი მარტო ერთი უსინათლო მოხუცი დაუტოვებიათ - თავისით მოკვდება მარტოობაშიო. მთაზე ყოფილა მონასტერი და მისი სამრეკლოს ზარი მთელ სოფელს ესმოდა. გაგიჟდნენ თურმე მცხოვრებლები. ყოველ საათში რეკდა ტაძრის ზარი და ხალხს ღმერთის არსებობას ახსენებდა. ეს უსინათლო მოხუცი სამრეკლოზე ასვლას და მისი მოვალეობის შესრულებას ახერხებდა. არადა, მხცოვანი უსინათლოსთვის სიმაღლეზე ასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. 
ასულან ბოლშევიკები და საბრალო მოხუციც მოუკლავთ, მაგრამ სასწაული ამის შემდეგ დაიწყო: ყოველ საათში სამრეკლოს ზარის ხმა კვლავ ისმოდა. ალბათ ეს არის ადამიანის მისია - იპოვოს ადგილი და საქმე. ჩვენ? ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მისია? ჩვენ ხომ სიტყვიერად ვართ მართლმადიდებლობის დამცველები, თორემ ისე, საკუთარი თავის გარდა ყველას ვებრძვით. ვებრძვით ერთმანეთს, მამაოს, პატრიარქს... ყველას...
ჩვენ ხომ სიყვარულისთვის გავჩნდით, ჩვენ ხომ მარადისობის კანონი დაგვიტოვეს, ჩვენ ხომ სიცოცხლის გაწირვის მაგალითებიც ვიცით.
ცოტა ხნის წინ ერთმა სრულიად ახალგაზრდა პოეტმაც თავგანწირვის საოცარი მაგალითი გვიჩვენა. არ არის საკმარისი ჩვენი სულის გამოღვიძებისთვის? ნუთუ არ უნდა ჩაგვაფიქროს და არ უნდა გააღვიძოს ჩვენში კეთილშობილება და ერთმანეთის სიყვარული 21 წლის ბიჭის სიკვდილმა?
ხშირად ერთი მულტფილმის გმირი მახსენდება - მელია, რომელიც ცბიერი ღიმილით ეუბნება მამალს: - თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, სოფელი ვერ აშენდებაო. 
რატომღაც ხშირად ამ გმირს უფრო ვგავართ...
არავის განვიკითხავ ... მხოლოდ გეკითხებით: რატომ?